+ 995 32 210 30 10
# 4. Grigol Khandzteli str., 0117, Tbilisi, Georgia
ABOUT US / ბლოგი
    

კორპორაციული პასუხისმგებლობა - ანუ „სიმდიდრის სახარება.“

(„პასუხისმგებლობა -  თავისუფლების ერთ-ერთი გამოვლინებაა.“ (არისტოტელე) 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, (Corporate Social Responsibility / CSR) ფართო გაგებით, საზოგადოებაზე ბიზნესის ზეგავლენას წარმოადგენს და პირველ რიგში, მენეჯმენტის ჰუმანიტარულ პრინციპებს ეფუძნება. საზოგადოების წინაშე კორპორაციული პასუხისმგებლობა, პირველ რიგში - კომპანიის საქმიანობის ფილოსოფიის გაგრძელებაა, რომელიც ორგანიზაციის საქმიან  იმიჯს განსაზღვრავს.

 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების განვითარებაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვას, ეთიკური ნორმების დაცვას, გარემოს დაცვით საქმიანობას, ბუნებრივი რესურსების მომავალი თაობებისთვის შენახვის მიზნით დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებს და ჩამოთვლილთან კომპანიის საქმიანობის მიმართულების შესაბამისობას გულისხმობს.

 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ისეთ პრინციპებს მოიცავს, როგორიცაა:

 

·        საზოგადოების მოლოდინის გამართლება, საქმის წარმოების პრაქტიკაში  ეთიკური ნორმების დაცვა.  სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა.

·        მიმზიდველი სამუშაო ადგილების შექმნა, ადამიანური რესურსის მაქსიმალური პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა.  

·        მოქმედი კანონმდებლობის უპირობო შესრულება: გარემოს დაცვითი, გადასახადების გადახდის, შრომითი კანონმდებლობის და ა. შ.

·        ხარისხიანი, გარემოსთვის უვნებელი პროდუქციის წარმოება, პერიოდულად, მათი ლაბორატორიულად შემოწმება და შედეგების გასაჯაროება.

·        საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილთან და დაინტერესებულ მხარეებთან  კეთილსინდისიერი ურთიერთობის ჩამოყალიბება.

·        საქმიანობის ეფექტური მართვა, წარმოებული პროდუქციის (ან მომსახურების) კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ხელის შეწყობა.

 

 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მეცნიერული გაგება გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან არსებობს, თუმცა, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ დისკუსიები დასავლეთ ევროპაში XIX - XX  საუკუნეების მიჯნაზეც იმართებოდა. 1899 წელს, ამერიკელი „ფოლადის მაგნატის“ - ენდრიუ კარნეგის წიგნი„სიმდიდრის სახარება“ გამოქვეყნდა და ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებს საფუძველი სწორედ მაშინ ჩაეყარა.

წიგნი აშშ-ში სწრაფად გავრცელდა, - მეტწილად ინჟინრებს შორის. მათ ბიზნესის პასუხისმგებლობის იმ დროისთვის ახლებური განსაზღვრების დამკვიდრებაში, საკუთარი პროფესიის სოციალურად დაცვის შესაძლებლობა დაინახეს. დროთა მანძილზე, ახალი მიდგომა  კომერციული საქმიანობის აუცილებელ თანმდევ ნაწილად იქცა.

 

„ადამიანი, რომელიც მდიდარი კვდება, შერცხვენილია“ („The man who dies thus rich dies disgraced“.)  - მიაჩნდა ენდრიუ კარნეგის, რომელიც ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი და უდიდესი ფილანტროპი იყო. „სიმდიდრის სახარების“ გამოცემის შემდეგ, მან საკუთარი სწავლების თანახმად ცხოვრება დაიწყო და ქონების დაგროვებაზე უარი თქვა. „ფოლადის მეფე,“ როგორც თავად ამბობდა, გაცილებით რთულ ამოცანაზე გადაერთო, - ეს დაგროვილი ქონების ბრძნულად განაწილება იყო.

 

კარნეგიმ საკუთარი ქარხნების მუშების დახმარების ფონდი შექმნა, რაზეც 4 მილიონი დოლარი გამოყო. ბიზნესმენს მიაჩნდა, რომ მისი წარმატება, პირველ რიგში, მუშების ძალისხმევას ეფუძნებოდა. ფონდი მუშებს უბედური შემთხვევების დროს ეხმარებოდა, და ხელმოკლე ოჯახებზე რეგულარულ დახმარებას გასცემდა. მილიონი დოლარი კარნეგიმ პერსონალისთვის ბიბლიოთეკებისთვის გახსნაზე დახარჯა. შემდეგ - კიდევ უფრო შორს წავიდა: ნიუ-იორკში 68 ბიბლიოთეკა გახსნა, ბრუკლინში - 20. სულ, მისი სახსრებით (55 მლნ დოლარი) ქვეყანაში 2509 უფასო, საჯარო ბიბლიოთეკა ამუშავდა.

 

კარნეგის სახელს ათობით ორგანიზაციის და საქველმოქმედო ფონდის დაარსება უკავშირდება. მისი სახსრებით არის აგებული ჰააგაში საერთაშორისო ტრიბუნალის შენობა და ნიუ-იორკში - საკონცერტო დარბაზი „კარნეგი ჰოლი“ (Carnegie Hall).

 

„ფოლადის მაგნატის“ გრანტით, ასტროფიზიკოსებმა სამყაროს გაფართოების კანონი აღმოჩინეს, ბიოლოგებმა დნმ-ს სტრუქტურა გამოიკვლიეს, ინჟინრებმა კი რადარი შექმნეს, კარნეგის სახსრებით, კალიფორნიაში, ზღვის დონიდან 1794 მეტრზე, ობსერვატორია აშენდა. იმ დროისთვის, მსოფლიოში ერთადერთ ობსერვატორიაში, ასტრონომები მზის სისტემის ახალაღმოჩენილ პლანეტებს აკვირდებოდნენ.

 

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის თეორიის განვითარებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა - მეცნიერული მენეჯმენტის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ცნობილმა მეწარმემ - ჰენრი ფორდმა. XX საუკუნის 10-იან წლებში, ფორდმა კორპორაციის მოგების ფორმირებაში თანამშრომლების ჩართვა გადაწყვიტა (Profit Sharing) და ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური სოციალური პოლიტიკა შეიმუშავა.

 

სოციალური პროგრამის ძირითადი დებულებები ფორდმა ცნობილ მემუარებში: „ჩემი ცხოვრება, ჩემი მიღწევები“ აღწერა. „ყველა სახის სამუშაოსთვის, მინიმალური ანაზღაურება, დღეში 5 დოლარს წარმოადგენდა. ამასთან, სამუშაო დღე 10-დან 8 საათამდე შევამცირეთ, სამუშაო კვირა კი 48 საათამდე. ამ ინიციატივაში ქველმოქმედების ნატამალიც არ ყოფილა. ზოგიერთ მეწარმეს მიაჩნდა, რომ ჩვენი გეგმა იმ მიზნით გამოვაქვეყნეთ, რომ რეკლამა გვჭირდებოდა. გვაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ უარი ვთქვით დამკვიდრებულ წესზე - გადაგვეხადა მუშისთვის ზუსტად იმდენი, რამდენზეც დათანხმდებოდა“ - წერდა ფორდი.

 

პრინციპი - „5 დოლარი სამუშაო დღეში“ - ფორდის სოციალური პროგრამის საფუძვლად იქცა. კომპანიის ყველა განაცხადში, ეს პუნქტი „მოგების გაზიარებად“იწოდებოდა, თუმცა ფაქტიურად, ახლებურ მინიმალურ სახელფასო განაკვეთს წარმოადგენდა, რომელიც 2 ნაწილისგან - ხელფასის და ბონუსისგან („მოგების წილი“) შედგებოდა.

 

მუშები, რომლებიც ადრე 9-საათიანი სამუშაო დღის მანძილზე, საათში 23-38 ცენტს იღებდნენ, ახლა 8 საათის მანძილზე, ფიქსირებულ ანაზღაურებას და დამატებას იღებდნენ, რომელსაც მისაღები თანხა დღეში 5 დოლარამდე აჰყავდა.  მაღალანაზღაურებად მუშებს, რომლებიც საათში 38-48 ცენტს უხდიდნენ, ბონუსთან ერთად, დღეში 6 დოლარს იღებდნენ; რომლებიც საათში 48 ცენტზე მეტს გამოიმუშავებდნენ, - 7 დოლარს. 1914 წელის გაზაფხულზე, ფორდის ქარხნების 200 მუშა დღეში 7 დოლარს იღებდა, 1000 – 6 დოლარს, 15 000 მუშა კი - დღეში 5 დოლარად მუშაობდა.

 

წარმოების გარეთ მუშახელის სოციალურ ქცევებზე კონტროლს სპეციალური 50-კაციანი განყოფილება აკონტროლებდა, სოციოლოგიური განყოფილების მთავარი მიზანი იყო, მუშებს მიღებული „მოგების წილი“ სამართლიანად დაემსახურებინათ და კეთილგონივრულად გამოეყენებინათ.

 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მუშახელის ჯანმრთელობაზე ზრუნვა - 1914 წელს, ფორდის ავტოქარხნების მუშებისთვის საზოგადოებრივი საავადმყოფო გაიხსნა. სამკურნალო დაწესებულება დეტროიტში, დასავლეთ ბულვარში მდებარეობდა. ყველა პალატა ცალკე აბაზანით იყო აღჭურვილი.

 

ჰენრი ფორდს მიაჩნდა, რომ ქველმოქმედება საზოგადოების კეთილდღეობისთვის მავნებელი იყო და ნებისმიერ ადამიანს ჰქონდა უნარი, შესაძლებლობის მიხედვით, თავის სარჩენი თანხა გამოემუშავებინა. ჰენრი ფორდის საწარმოებში ყოველთვის იყო სამუშაო ადგილი ხეიბრების, ინვალიდების და უსინათლოებისთვის. როგორც აღმოჩდა, ტექნოლოგიური სამუშაოს 40%-ში, შესრულების ხარისხით, ისინი ჯანმრთელ მუშახელს არ ჩამოუვარდებოდნენ.

 

ჰენრი ფორდის სოციალურმა პოლიტიკამ, კომპანიის წარმატებაზეც იმოქმედა: ფორდის ქარხნებში მუშახელი სხვა საწარმოებთან შედარებით, გაცილებით ხარისხიანად და სწრაფი ტემპით მუშაობდა, რამაც წარმოების სტაბილურობა განაპირობა და ფორდს უზარმაზარი მოგება მოუტანა.

 

სწორედ ჯანსაღი სოციალური პოლიტიკის დამსახურებად იქცა, რომ  ცნობილმა მეწარმემ თავიდან აიცილა მუშახელის მასობრივი უკმაყოფილება და გაფიცვები, რომელიც 20-იანი წლების ამერიკასა და ევროპაში, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

 

დღეს, ეკონომიკური ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ ყველაზე ზუსტი და მკაფიო საერთაშორისო ISO 2600 სტანდარტის მიხედვით დადგენილი განსაზღვრებაა: „სოციალური პასუხისმგებლობა  - ეს ორგანიზაციის საქმიანობის და მიღებული გადაწყვეტილებების საზოგადოებაზე და გარემოზე მოქმედებაზე პასუხისმგებლობაა, გამჭვირვალე და ეთიკურად გამართლებული ქმედებებით, რაც  მდგრად განვითარებას განსაზღვრავს; მოქმედ კანონმდებლობას შეესაბამება და ორგანიზაციაში დამკვიდრებულ, ქცევის საერთაშორისო ნორმებთან არის შეთანხმებული.“

 

თანამედროვე გადასახედიდან, შესაძლებელია, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა რამდენიმე დონით განისაზღვროს:

 

1.      ბაზური საფეხური ისეთი ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს, როგორიცაა გადასახადების და სახელფასო ანაზღაურების დროულად გადახდა, თანამშრომლებისთვის ადეკვატური პირობების შექმნა, რაც არა მხოლოდ სამუშაოს ეხება. ეს არის - თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვა, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების დაფინანსება, თანამშრომლებისთვის კორპორატიული ფასდაკლებების შეთავაზება, ჯანმრთელობის დაზღვევა და ა. შ.  პასუხისმგებლობის ამგვარ სახეობას პირობითად „კორპორატიულ პასუხისმგებლობას“ უწოდებენ.

მაგალითად, ელექტრო-სამონტაჟო კომპანია „მონტაჟ-ჯორჯია“ თანამშრომლობს პარტნიორი კორპორაციების ბაზაზე არსებულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან, და გარკვეული პერიოდულობით გზავნის კომპანიაში დასაქმებულ ელექტრო-ინჟინრებს კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, სხვადასხვა ქვეყანაში (გერმანია, შვედეთი, თურქეთი), პარტნიორი ორგანიზაციების (ABB, Schneider Electric, Honeywell და სხვა.) სპეციალური ტრენინგების გასავლელად. ასევე, კულტურის ხელშეწყობის მიზნით, პერიოდულად აფინანსებს ღვაწლმოსილი მომღერლების კონცერტებს. ასევე, თანამშრომლობს საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან, აფინანსებს სხვადასხვა კონკურსებს და შეჯიბრებებს.

 

2.      ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მეორე დონე გულისხმობს პასუხისმგებლობას იმ ზეგავლენაზე, რომელსაც ორგანიზაცია საზოგადოებასა და ბუნებრივ გარემოზე ახდენს, როგორიცაა მაგალითად, - ეკოლოგიურად უვნებელი გარემოს შექმნა, გარემოსდაცვითი ან გამწვანებითი საქმიანობა, მოხალისეების სტატუსით.

ერთ-ერთი მაგალითის სახით, შეგვიძლია დავასახელოთ სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენი,“ რომელიც ნებისმიერი სამშენებლო ობიექტის დასრულებისას, ატარებს გამწვანებით და ტერიტორიის კეთილმოწყობით სამუშაოებს, იმისგან დამოუკიდებლად, ამგვარი სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო თუ არა.

ასევე, მაგალითად, საპროექტო ორგანიზაციაპროექტ სერვის 21 გარემოს დაცვის ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო პროცესში გახარჯულ ქაღალდს ყოველთვის აბარებს ორგანიზაციებს, რომელიც ქაღალდის გადამუშავებას და  მეორადად გამოყენებას ახდენენ. შედეგად, საპროექტო ორგანიზაციაში გახარჯული ქაღალდის თითოეული ფურცელი გადამუშავდება და მეორადად  გამოიყენება.

 

3.      სოციალური პასუხისმგებლობის უმაღლეს საფეხურად ზოგადი საქველმოქმედო საქმიანობა და ქვეყანაში არსებულ კრიზისულ სიტუაციებში აქტიური ჩართვა ითვლება.  მაგალითად, თიბისი ბანკის და აიდიეს ბორჯომის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, - 2017 წლის ზაფხულში, ბორჯომის 10 ჰექტარი გადამწვარი ტყე კომპანიებმა საკუთარი სახსრებით აღადგინეს.

აღსანიშნავია ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „ლოტუსის“საქველმოქმედო გადაწყვეტილებები. კომპანია  ხშირად იღებს მონაწილეობას საქველმოქმედო პროექტებში, როგორიცაა, მაგალითად „სადილი ყველას.“ პროექტის ფარგლებში, „ლოტუსის“ დაფინანსებით, სოციალურად დაუცველი პირები უფასო საკვებ პროდუქტებს იღებენ.

 

მიუხედავად ამისა, ზოგადად საქართველოში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, განვითარების პროცესშია. ხშირად, მენეჯერები სათანადოდ არ აფასებენ სწორი საინფორმაციო კამპანიის როლს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის საქმეში. მაგალითად, სტატიის მომზადებისას, ზოგიერთი ორგანიზაციის მენეჯმენტის დათანხმება, მათი საქმიანობის შესახებ საზოგადოებისთვის გამეზიარებინა, ფაქტიურად, შეუძლებელი აღმოჩნდა. უარი ძირითადად, იმ მიზეზს ეფუძნებოდა, რომ კომპანიები საკმაოდ ბევრ კეთილშობილურ საქმეს „გამიზნულად გაუხმაურებლად“ (ან მენეჯმენტის პირადი სახსრებით) ახორციელებენ. ასევე,  კომპანიის მესვეურებს ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე, არ სურთ, ზედმეტად გაახმაურონ საქველმოქმედო ღონისძიებები, რათა პირმა, რომელსაც დახმარება აღმოუჩინეს, თავი უხერხულად არ იგრძნოს. (საუბარია, მაგალითად, ცნობილი მომღერლის კონცერტის დაფინანსებაზე, ხელმოკლე ოჯახების დახმარებაზე და ა.შ.).

 

თუმცა, მთლიანობაში, ქართული კომპანიების ხელმძღვანელებიც აცნობიერებენ CSR-ის ზოგად დადებით გავლენას კომპანიის საქმიანობასა და წარმატებაზე. ექსპერტების შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითების დამსახურებით, მეტად სტაბილური ხდება კომპანიის განვითარება; იზრდება ბრენდის ცნობადობა, მომხმარებელთა მხრიდან სიმპათია და გაყიდვების რაოდენობა. პერსონალის პროფესიული განვითარება წარმოებული პროდუქციის ხარისხს აუმჯობესებს; იზრდება კვალიფიცირებული პერსონალის მოზიდვის შესაძლებლობა და საზოგადოების დამოკიდებულება მეტად დადებითი ხდება.

 

სასიხარულოა ტენდენცია, რომ თანამედროვე ბიზნესის სამყაროში, კორპორატიული პასუხისმგებლობის გამოვლინების სხვადასხვა ფაქტები „გადამდებად“იქცევა. სწორი საინფორმაციო კამპანიის შედეგად, CSR-ით გამორჩეული კომპანიების იდეების განვითარება, საზოგადოების და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გაცნობიერება პრესტიჟული ხდება, რაც სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებასა და  განვითარებაზე დადებითად აისახება.

 

ABOUT US
ISO STANDART
MISSION
ADVANTAGES
ANNUAL TURNOVER
EQUIPMENT
ბლოგი
Contact Us
დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ
ქვემოთ მითითებულ მისამართებზე
+ 995 32 210 30 10
# 4. Grigol Khandzteli str., 0117, Tbilisi, Georgia
info@scn.ge