+ 995 32 210 30 10
გრიგოლ ხანძთელის ქ. #4. თბილისი, 0117, საქართელო
სიახლეები / თიანეთელები იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისს მუნიციპალიტეტიდან გაუსვლელად იღებენ
    
25/05/2018

თიანეთის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 27 ოქტომბერს საქართველოში რიგით მეთხუთმეტე იუსტიციის სახლი გაიხსნა, სადაც მოქალაქეს საშუალება აქვს, ერთ სივრცეში მიიღოს 400-მდე სახელმწიფო მომსახურება.

სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ თიანეთში, სანიკიძის ქუჩაზე იუსტიციის სახლის მშენებლობის სამუშაოები 2015 წლის თებერვალში სსიპ „იუსტიციის სახლთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო.

პროექტის ღირებულებამ 2 მლნ ლარს გადააჭარბა.

შენობა არქიტექტურულად დატვირთულია და დიზაინერულად საინტერესოდაა გადაწყვეტილი შენობის ფასადის ყველა მხარე. ძირითადი ვიტრაჟი სამხრეთ-დასავლეთის მხარეს იხსნება, ამავე ნაწილში მდებარეობს იუსტიციის სახლის მთავარი შესასვლელი დარბაზი. ქორწინების სახლი შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშია განთავსებული.

ყველა ფასადისგან განსხვავებულია მთავარი შენობის ფორმა, რომელიც ქვის კედლითა და დიდი ვიტრაჟით არის შესრულებული. დიზაინერული გადაწყვეტილებით, დიდმალიანი გადახურვა დახრილობის ოპტიკურ ილუზიას ქმნის. ძირითადი ტექნიკური და დამხმარე ნაგებობები შენობის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია განთავსებული.

მოწყობილია სარეკრეაციო სივრცე და სხვადასხვა ტიპის გამწვანება. შენობა მოპირკეთებულია ქვის, შუშისა და ხის პანელებით.

ფუნქციურად, შენობა რამდენიმე სივრცისგან შედგება: ქორწინების სახლის ინტერიერი და ექსტერიერი დამოუკიდებელი გადაწყვეტებით გამოირჩევა. თანამშრომლების ფართი კონსოლურ ნაწილში, ტერასულად არის წარმოდგენილი. არქიტექტურას აგვირგვინებს სათათბირო დარბაზი დიდი კონსოლით. 438 მ2-იანი სამშენებლო ტერიტორია თიანეთში, სანიკიძის ქუჩაზე მდებარეობს.

მანამდე თიანეთში ქორწინების სახლი არ ფუნქციონირებდა. სწორედ ამიტომ, იუსტიციის მინისტრის დავალებით, „საბა კონსტრაქშენმა“ პროექტში ქორწინების სახლის დარბაზის მშენებლობაც გაითვალისწინა.

როგორც სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი ლევან თარგამაძე აცხადებს, სამუშაოები შრომითი უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით მიმდინარეობდა.

„სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში უმკაცრესად იყო დაცული შრომითი უსაფრთხოება. სამუშაოს დაწყებამდე, ყოველდღიურ რეჟიმში ხდებოდა პერსონალის დატრენინგება კონკრეტული სამუშაოების მიხედვით. ყოველი სამუშაო დღის განმავლობაში კი უწყვეტად ხდებოდა მონიტორინგი, იცავდნენ თუ არა ტრენინგზე მიღებულ ინსტრუქტაჟს. სიმაღლეზე და სპეცტექნიკასთან სამუშაოებისთვის აღჭურვილი ვიყავით ყველა საჭირო დამცავი საშუალებით“, – განაცხადა „საბა კონსტრაქშენის“ ხელმძღვანელმა ლევან თარგამაძემ.

ამჟამად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იუსტიციის სახლის 19 ფილიალი ფუნქციონირებს.

დაგვიკავშირდით...
დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ
ქვემოთ მითითებულ მისამართებზე
+ 995 32 210 30 10
გრიგოლ ხანძთელის ქ. #4. თბილისი, 0117, საქართელო
info@scn.ge